საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის თქმით, ბოლო დროის განმავლობაში ნათლად ჩანს, რომ საქართველო უკანგადადგმული ნაბიჯებით შორდება დასავლეთს, რაც მისივე თქმით, შემაშფოთებელია.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მოწვეული კონფერენციის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.
კელის თქმით, აშშ-სა და დასავლეთზე თავდასხმები "აიძულებთ, რომ იფიქრონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხის გადახედვაზე".
"მე ვფიქრობ, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო სპეციფიკური იმ მომენტიდან, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობა სურდა. შესაბამისად, ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვს საქართველოს და ჩვენ ამაში მხარს ვუჭერთ. ამის მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ის, რომ უზრუნველგვეყო საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი რუსეთისგან, მაგრამ ამ ბოლო დროის განმავლობაში ნათლად ვხედავდით, უკან გადადგმულ ნაბიჯებს, ჩამოშორებას დასავლეთისგან, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია და ვისაუბრეთ სემინარის განმავლობაში ამაზე დღეს. ამ ტიპის გადადგმული ნაბიჯები უკან, როდესაც კომბინირდება ძალიან უხეშ თავდასხმაზე აშშ-ზე, ეს გახლავთ უპრეცედენტო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაიძულებს ეს, რომ ვიფიქროთ, ხომ არ უნდა გადავხედოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხს და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ანტიდასავლური ტრენდი, რომელიც აფერხებს საჭირო რეფორმების განხორციელებას და ამ ტიპის პირადული თავდასხმები აშშ-ზე ამას გვაფიქრებინებს. შესაბამისად, უნდა მოვძებნოთ გზები, როგორ შეგვიძლია ვითამაშოთ პოზიტიური როლი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და შესაბამისად იმას, რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს მიერთებას კოლექტიური დასავლეთისკენ. უნდა გადავხედოთ, დავაკვირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ წესებს, შესაბამისად, ხელს უწყობენ დასავლეთისგან ჩამოშორების პროცესს და შესაბამისად, გადავხედოთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ იმისთვის, რომ გავუმარტივოთ საქართველოს გზა", - თქვა კელიმ.
"ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" - ამ სახელწოდებით ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დღეს ბრიუსელში კონფერენცია გამართა.